ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავი -- ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეტის მიმართვაუკან

10 დეკემბერს აღინიშნება 70 წელი გამორჩეული დოკუმენტის,  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან. ჩემი ღრმა რწმენით, დეკლარაცია დღესაც ისევე არსებითია  როგორც 70 წლის წინ - მისი მიღების დროს.

შესაძლოა უფრო მეტადაც კი, რადგან  ბოლო ათწლეულების განმავლობაში    იგი იდეალისტური ტრაქტატიდან  გარდაიქმნა  სტანდარტების ნაკრებად, რომელმაც შეაღწია საერთაშორისო სამართლის ყველა სფეროში.

წლების განმავლობაში დეკლარაციამ გაუძლო ყველა გამოცდას, მათ შორის სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოჩენას და იმ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებსაც, რომელთა წინასწარ განჭრეტაც დოკუმენტის სულისჩამდგმელებისთვის შეუძლებელი იყო.

მისი სამართლებრივი ნორმები იმდენად არსებითია, რომ შეუძლია, ნებისმიერ ახალ გამოწვევას გაუმკლავდეს.

საყოველთაო დეკლარაცია გვთავაზობს იმ პრინციპებს,  რომლებიც სახელმძღვანელოდ გამოგვადგება ხელოვნური ინტელექტისა და ციფრულ სამყაროში.

დოკუმენტით განსაზღვრულია საპასუხო მოქმედებათა ჩარჩო, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დავუპირისპირდეთ ადამიანებზე, ან თუნდაც პლანეტაზე, კლიმატური ცვლილებების ნეგატიურ ზეგავლენას.  

ჩვენ ვეყრდნობით დეკლარაციას, რათა უზრუნველვყოთ თანაბარი უფლებები ისეთი ჯუფებისთვის, როგორებიცაა მაგალითად,  ლგბტ პირები, რომელთა ხსენებასაც  1948 წელს ცოტა თუ გაბედავდა.

საყოველთაო დეკლარაციით განმტკიცებული თავისუფლებები  მინიჭებული აქვს ყოველ ადამიანს „განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობისა, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.“

წინადადების ბოლო სიტყვები - „სხვა მდგომარეობა“, ხშირად გამოიყენება  განსაკუთრებით დაცული ადამიანების სიის გასავრცობად. ეს ეხება არამხოლოდ ლგბტ   პირებს , არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც, რომელთაც დღეს უკვე საკუთარი, 2006 წელს მიღებული, კონვენცია აქვთ. დეკლარაცია მიემართება ხანდაზმულებს, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, ასევე კონვენცია იქნას მიღებული, აბორიგენ ერებს, ყველა ტიპის უმცირესობას, თითოეულ ადამიანს.

გენდერი არის ცნება,  რომელსაც დეკლარაციის თითოეული მუხლი ფარავს.  სექსისტური ტერმინოლოგია დოკუმენტში იმ ეპოქისთვის შთამბეჭდავად ცოტაა. დოკუმენტი მოიხსენიებს „ყველა ადამიანს“, „ყველას“ ან „არავის“ თავის 30-ვე მუხლში.

ტერმინოლოგიის ამგვარი ნიშანდობლივი გამოყენება  ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ პირველად საერთაშორისო სამართლის ჩამოყალიბების ისტორიაში, ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საყოველთაო დეკლარაციის შექმნაში.

კარგად არის ცნობილი ელეონორა რუზველტის, კომიტეტის ხელმძღვანელის,  როლი. შედარებით ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ დოკუმენტის მომზადებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით ქალებს დანიიდან, პაკისტანიდან, კომუნისტური ბლოკიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

სინამდვილეში,  უპირველეს ყოვლისა ინდოელ ჰანსა მეჰტას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციიდან აღებული ფრანგული ფრაზა „ყველა კაცი დაბადებით თავისუფალი და თანასწორია“, საყოველთაო დეკლარაციაში აისახა შემდეგნაირად, - „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი“.თითქოსდა ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ქალთა უფლებებისა და უმცირესობათა უფლებების თვალსაზრისით რევოლუციური ფრაზა. ჰანსა მეჰტამ არ გაიზიარა ელეონორა რუზველტის მტკიცება, რომლის მიხედვითაც და იმ დროისთვის საყოველთაოდ მიღებული შეხედულების შესაბამისად, ცნება „კაცი“ თავის თავში ქალის ცნებასაც მოიაზრებდა. ის ირწმუნებოდა, რომ ქვეყნებს შეეძლო  აღნიშნული ფრაზა  ქალთა უფლებების გაფართოების ნაცვლად, მათი შეზღუდვისთვის გამოეყენებინა.

ორი გამანადგურებელი მსოფლიო ომის, 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიისა“ და ჰოლოკოსტის შემდეგ შობილი საყოველთაო დეკლარაცია მომართულია, აღკვეთოს მსგავსი კატასტროფები, მათი გამომწვევი ტირანიები და ძალადობა. ის  გვისახავს გზებს ერთმანეთისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად  და მიზნად ისახავს„შიშისა და გაჭირვებისაგან გათავისუფლებას“   

ის შეზღუდვებს უწესებს ძლევამოსილებს და აღვივებს იმედს უძლურთა   შორის.

მიღებიდან შვიდი ათწლეულის განმავლობაში 90-მდე სახელმწიფოს ეროვნულ კონსტიტუციაში, არაერთ ეროვნულ, რეგიონალურსა თუ საერთაშორისო აქტსა და დაწესებულებაში ინტეგრირების მეშვეობით საყოველთაო დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში სასარგებლო ცვლილებებს.

თუმცა, მიღებიდან 70 წლის შემდეგაც, სამუშაო, რომელიც საყოველთაო დეკლარაციამ  განგვისაზღვრა, არ ამოწურულა და არც არასდროს ამოიწურება.

თავის ზედმიწევნით ნათელ 30-ვე მუხლში, საყოველთაო დეკლარაცია  მიგვითითებს თუ რა ზომები უნდა მივიღოთ როგორც უკიდურესი სიღარიბის დასამარცხებლად, ისე თითოეული ადამიანისთვის საკვების, თავშესაფრის, ჯანდაცვის, განათლების, სამუშაო ადგილებისა და შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

იგი ნათელს ფენს გზას ომებისა და ჰოლოკოსტისების, წამების, შიმშილისა თუ უსამართლობისაგან თავისუფალი მსოფლიოსაკენ, რომელშიც სიღარიბე მინიმუმამდეა დაყვანილი და არავინაა იმდენად მდიდარი თუ ძლევამოსილი, რომ სამართალი უგულებელყოს.

მსოფლიო, რომელშიც  თითოეულ ადამიანს თანაბარი ღირებულება აქვს, არა მხოლოდ  დაბადებისას, არამედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

დეკლარაციის ავტორებს  სურდათ, თავიდან აეცილებინათ შესაძლო ომი მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისა და  იმ უფლებების განსაზღვრების მეშვეობით, რომელთა ფლობის მოლოდინიცა და მოთხოვნაც პლანეტის ყველა ადამიანს შეუძლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არსებობს  და პირდაპირ ეთქვათ, რა არ შეიძლება, გაუკეთონ ადამიანებს.  

ღარიბები, მშიერნი, იძულებით გადაადგილებული და გარიყული პირები -  ავტორებს სურდათ, შეექმნათ მათი მხარდამჭერი და დამცველი სისტემა.

საკვებზე ხელმისაწვდომობისა და განვითარების უფლება უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამ უფლების განხორციელება უნდა მოხდეს რასის, გენდერის ან რაიმე სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. ვერ ეტყვით თქვენს ხალხს - მე გამოგკვებავთ, მაგრამ შეგიზღუდავთ გამოხატვის უფლებას ან არ დაგრთავთ ნებას, იყოთ თქვენი რელიგიისა თუ კულტურის მიმდევარი.

უძრავ ქონებასა თუ საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის უფლება სავსებით ძირითადია , თუმცა ზოგ ქვეყანაში ეკონომიკის კუთხით გატარებული მკაცრი ღონისძიებები შთანთქავს ამ საყოველთაო უფლებათა ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე გავრცელებას.

კლიმატის ცვლილებები ძირს უთხრის სიცოცხლის, საკვების, თავშესაფრისა და ჯანდაცვის უფლებას. ყველა მათგანი ურთიერთდაკავშირებულია - საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციები კი გზამკვლევია აღნიშნულ უფლებათა განსახორციელებლად.

დარწმუნებული ვარ, რომ  დეკლარაციით განსაზღვრული ადამიანის უფლებათა იდეალი, კაცობრიობის  ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამასთანავე ყველაზე წარმატებული წინსვლაა.

მაგრამ დღესდღეობით პროგრესს საფრთხე ემუქრება.

ჩვენ „დავიბადეთ  თავისუფალი და თანასწორი“, მაგრამ მილიონობით ადამიანი ამ პლანეტაზე ვერ ახერხებს მიაღწიოს თავისუფლებას და თანასწორობას. ყოველდღიურად მათი უფლებები ირღვევა და ღირსება ითელება.

ბევრ ქვეყანაში, ფუნდამენტური აღიარება იმისა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და თანდაყოლილი უფლებები აქვს, წნეხის ქვეშაა.  საფუძველი ერყევა სახელმწიფოების მიერ გულმოდგინედ შექმნილ იმ ინსტიტუტებს, რომელთა მიზანი საერთო პრობლემების საერთო გადაწყვეტის მიღწევაა.

ყოვლისმომცველი საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული კანონმდებლობებისა და შეთანხმებების კრებული კი, რომელმაც საყოველთაო დეკლარაციას რეალური ძალა შესძინა, ასევე დარტყმის ქვეშაა ვიწრო, ნაციონალისტურ ინტერესებზე   ორიენტირებული მთავრობების თუ პოლიტიკოსების მხრიდან.

თითოეულმა ჩვენგანმა გაცილებით ენერგიულად უნდა ვიბრძოლოთ ადამიანის უფლებებისთვის, რომლებიც დეკლარაციამ გვაჩვენა, რომ გაგვაჩნია.უნდა ვიბრძოლოთ არამხოლოდ საკუთარი, არამედ ყველა ადამიანის უფლებებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა მუდმივად შეიცავს რისკს, რომ სხვისი უფლების დაცვა შეეწირება საკუთარ თვალსაწიერს, ან ლიდერების გულმავიწყობას, უგულებელყოფასა თუ უკიდურეს გულგრილობას. 

დავასრულებ იმით, რითაც იწყება საყოველთაო დეკლარაცია, მძლავრი დაპირებითა და ამავე დროს გაფრთხილებით, პრეამბულის პირველივე სტრიქონებში:

„...ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისთვის თანდაყოლილი ღირსებისა და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება მსოფლიოში წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს.

„...ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია, როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება.

„...აუცილებელია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა გარანტირებულ იქნეს კანონის უზენაესობის პრინციპით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.“

და კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ იმავე პრეამბულის ბოლო სიტყვებსაც:

„...ყველა ადამიანს და საზოგადოების ყოველ ნაწილს, მუდამ ექნება რა მხედველობაში წინამდებარე დეკლარაცია, მიისწრაფვოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა

და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ეროვნული თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის

წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების

იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიათა

ხალხებში.“

1948 წლიდან დიდი გზა გავიარეთ. ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გვქონდა ბევრი წინსვლა  საყოველთაო დეკლარაციით დადგენილ ნორმებთან მიმართებით.

მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და როგორც ჩანს, ბევრ ლიდერს დაავიწყდა ეს მძლავრი და წინასწარმეტყველური სიტყვები. ეს უნდა გამოვასწოროთ, არა მხოლოდ დღეს, არამხოლოდ 70-ე წლისთავზე შემდეგ ორშაბათს, არამედ ყოველდღიურად და ყოველწლიურად.

მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა დამცველები თავიანთი საქმიანობით, თავდადებითა და თავგანწირვით წინა ხაზის მებრძოლები არიან საყოველთაო დეკლარაციის დაცვის საქმეში,. მნიშვნელობა არ აქვს, სად ან რა პირობებში ვცხოვრობთ, უმეტეს ჩვენგანს შეგვწევს ძალა, მოვახდინოთ ცვლილებები - ჩვენი ან სხვათა ოჯახების, თემების, ქვეყნების და მსოფლიოს უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შესაცვლელად. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი საყოველთაო დეკლარაციით გამოხატული ლამაზი ოცნების სინამდვილედ ქცევაში.

ეს არის წინაპრების საჩუქარი ჩვენთვის, რათა დახმარება გაგვიწიონ, რომ არასდროს გადავიტანოთ ის, რაც მათ უკვე გამოიარეს.

* * *

დასასრული

 

* * *

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (UDHR)  გაეროს გენერალურმა ასამბელამ მიიღო პარიზში, მეორე მსოფლიო ომიდან სამი წლის შემდეგ. ის შეიქმნა იმ სამუშაო კომიტეტის 18 თვიანი მუშაობის შედეგად, რომლის შემადგენლობაშიც  შედიოდნენ წევრები და მრჩეველები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და როგორც მისი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რენე კასინი იტყოდა: „ასეულობით ცხარე და ხშირად ემოციური დისკუსიის დასასრულს 30 მუხლად ჩამოყალიბდა და მიღებულ იქნა 1948 წლის 10 დეკემბერს.“

იხილეთ 30 მოკლე სტატია საყოველთაო დეკლარაციის 30 მუხლთაგან თითოეულზე:

https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=23871&LangID=E

მეტი ინფორმაცია 70-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და კამპანიებზე:

http://www.standup4humanrights.org/

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

http://www.un.org/en/universal-declaration-human-rights/

გაეროს უმაღლესი კომისრის ვიდეო მიმართვა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ  ლინკიდან:

https://owncloud.unog.ch/index.php/s/XDwRPH0sWMnaKCh/download

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით რუპერტ კოლვილს + 41 22 917 9767 / rcolville@ohchr.org ან რავინა შამდასანის + 41 22 917 9169 / rshamdasani@ohchr.org

მონიშნე და გააზიარე

Twitter: @UNHumanRights და Facebook: unitednationshumanrights