თბილისში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი გაიმართაუკან

2018 წლის 21 დეკემბერს, „ფაბრიკაში“,საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელმა სამთავრობო უწყებებმა, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ექსპერტებმა.

ფორუმი მიზნად ისახავდა სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული სტრუქტურირებული დიალოგის ხელშეწყობას და მონაწილე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახალგაზრდულ სფეროში არსებული პროცესებისა და გამოწვევების შესახებ; ფორუმის ამოცანას ასევე წარმოადგენდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს განვითარებასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, მონაწილეებისთვის „ახალგაზრდული ინდექსის“ რაობისა და მნიშვნელობის გაცნობა, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მთავარი გამოწვევების გამოვლენა და ახალგაზრდებსა და პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა. ფორუმის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა დოკუმენტი, რომელშიც აისახა ფორუმის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები ახალგაზრდული სფეროს განვითარების  ხელშესაწყობად. შემუშავებული დოკუმენტი მიეწოდებათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა. „ჩვენ ჯერ კიდევ ვდგავართ არაერთი გამოწვევის წინაშე - მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ამბიციური გეგმა ეროვნულ დონეზეც მოითხოვს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას. ახალგაზრდების, როგორც უმნიშვნელოვანესი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, მათ ჯანმრთელობაში, განათლებაში, დასაქმებასა და სამეწარმეო უნარებში ინვესტირება, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნა, ადამიანის უფლებების უმაღლეს დონეზე დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.“ - აღნიშნა ვინტონმა.

ღონისძიება გაიმართა გაეროს სააგენტოების: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მხარდაჭერით. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივითა და მონაწილეობით 2007 წლიდან ტარდება.