საქართველო: გაეროს ექსპერტების ვიზიტი კორპორაციებსა და ბიზნესს საწარმოებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნითუკან

ჟენევა (29 მარტი, 2019) – 2019 წლის 3-12 აპრილს საქართველოში შედგა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტების ჯგუფის პირველი ვიზიტი. ვიზიტის  მიზანია  ადამიანის უფლებებთან მიმართებით ბიზნეს საქმიანობის უარყოფითი გავლენის იდენტიფიცირება, პრევენცია და რეაგირება. 

მისიის დასასრულს, პარასკევს, 12 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ (თავისუფლების მოედანი 4, თბილისი), ექსპერტები პრეს-კონფერენციას გამართავენ და ვიზიტის პირველად შედეგებს წარადგენენ. პრეს-კონფერენციაზე დასწრება მხოლოდ ჟურნალისტებს შეეძლებათ.

„ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 ეროვნულ სამოქმედო გეგმაში კონკრეტული თავის შეტანა, რომელიც ბიზნესსა და ადამიანის უფლებებს ეხება, მიუთითებს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებაზე ხელი შეუწყოს  ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემაზე დაფუძნებული  კორპორაციული კულტურის დანერგვას.  ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შევიტყოთ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები იქნა გადადგმული თანმიმდევრული პოლიტიკის შესამუშავებლად ამ კუთხით და როგორ ხდება ნაკისრი  ვალდებულებების განხორცილება“, - განაცხადა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრმა ბატონმა სურია დევამ.

„ჩვენ დიდ ყურადღებას დავუთმობთ  იმ ადამიანებისა და თემთა მდგომარეობას, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბიზნესის მხრიდან მათი უფლებების დარღვევების კუთხით, ასევე ისეთ სფეროებს, როგორიცაა ბუნებრივი წიაღისეულის  მოპოვება, ფართომასშტაბიანი სამშენებლო და ტურისტული პროექტები“, - დასძინა ბატონმა დევამ.

გაეროს ექსპერტები შეისწავლიან თუ როგორ ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ბიზნეს კომპანიები ადამიანის უფლებების კუთხით ნაკისრ შესაბამის ვალდებულებებს და იმ პასუხისმგებლობებს, რომლებიც განსაზღვრულია ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.  ხსენებული პრინციპები წარმოადგენს ავტორიტეტულ ჩარჩოს, რომლის მიზანი არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებებთან მიმართებით ბიზნეს კომპანიების საქმიანობის უარყოფითი ზეგავლენის ფაქტების გამოვლენა, პრევენცია ან შემსუბუქება, არამედ მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანი  მექანიზმების უზრუნველყოფა.

„მისასალმებელია, რომ მთავრობამ მოგვიწვია, და იმედი გვაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის მთავრობის, ასევე კომპანიების მხრიდან ქვეყანაში ადამიანის უფლებების ხელშეწყობას  საერთაშორისო კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა ქალბატონმა ელზბიეტა კარსკამ, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც ამავდროულად დელეგაციის შემადგენლობაშია.

„გვექნება კონსტრუქციული დიალოგი სხვადასხვა სამინისტროსა და სამთავრობო უწყებასთან. ასევე შევხვდებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, უფლებადამცველებსა და პროფკავშირებს. გავმართავთ შეხვედრებს ბიზნესკომპანიებსა და დარგობრივ ასოციაციებთან“, - განაცხადა მან.

საქართველოში ვიზიტის განმავლობაში ექსპერტები გამართავენ შეხვედრებს თბილისში, ასევე იმერეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

2020 წლის ივნისში სამუშაო ჯგუფი ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგენს  საბოლოო ანგარიშსა  და შესაბამის რეკომენდაციებს.

 

<დასასრული>

ადამიანის უფლებებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხების შესახებ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 2011 წლის ივნისში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს  გადაწყვეტილების საფუძველზე. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: ბ-ნი სურია დევა(თავმჯდომარე), ქ-ნი ელზბიეტა კარსკა(თავმჯდომარის მოადგილე), ბ-ნი გიტუ მიუგაი, ბ-ნი დანტე პესცე და ქ-ნი ანიტა რამასასტრი.

სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების ნაწილს. სპეციალური პროცედურები - გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სისტემაში დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი ყველაზე დიდი ორგანოს ზოგადი სახელია, რომელიც საბჭოს დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმია ადამიანის უფლებათა კუთხით.  კონკრეტული მანდატის მქონე სპეციალური პროცედურები წარმოადგენენ  ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დანიშნული ექსპერტებს, რომლებიც სწავლობენ კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ სიტუაციის ან თემატურ საკითხებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დამოუკიდებელი ექსპერტები გაეროს თანამშრომლები არ არიან და   მთავრობისაგან ან სხვა ნებისმიერი ორგანიზაციისაგან  დამოუკიდებლად მოქმედებენ. ისინი  ინდივიდუალური მანდატის ფარგლებში მოქმედებენ და ხელფასს არ იღებენ.  

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც გაეროს  ადამიანის უფლებათა საბჭომ ერთხმად მიიღო 2011 წელს (17/4 რეზოლუციით) წარმოადგენს  ავტორიტეტულ  გლობალურ სტანდარტთა კრებულს ბიზნესის კონტექსტში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით  და განსაზღვრავს რა მოლოდინი არსებობს ამ კუთხით მთავრობის და კომპანიების მხრიდან  ბიზნეს აქტივობის შედეგად დამდგარი უფლებრივი საკითხების გავლენების დადგენისა  და პრევენციის მიზნით.

 

UN Human Rights, country page – Georgia

დამატებითი ინფორმაციისა და  მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გთხოვთ მიმართოთ სამუშაო ჯგუფის სამდივნოს:

  • საქართველოში ვიზიტის განმავლობაში:  ტელ: +995 599 570 786, ელ.ფოსტა: wg-business@ohchr.org
  • ჟენევაში  +44 22 928 8863; e-mail: wg-business@ohchr.org
  • მედიასთან დაკავშირებულ  საკითხებთან, რომლებიც გაეროს სხვა დამოუკიდებელ ექსპერტებს ეხება, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯერემი ლოურენს: UN Human Rights – Media Unit, +41 22 917 9383, jlaurence@ohchr.org