საქართველოში გაეროს ახალი ელჩი დაინიშნაუკან

2019 წლის 1 ივნისიდან დოქტ. საბინე მახლი შეუდგება საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შესრულებას. 

დოქტ. საბინე მახლი  მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში 22 წლის განმავლობაში, აქედან 7 წელი  –  გაეროს სისტემაში. საქართველოში ჩამოსვლამდე  საბინე მახლი მუშაობდა ინდონეზიაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლად   და ასეანთან (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) მუშაობის კოორდინატორად.  მანამდე კი ხელმძღვანელობდა გაეროს ქალთა ორგანიზაციას პალესტინასა და ყირგიზეთში.

2007-2011 წლებში საბინე მახლი მუშაობდა  ქ. ჰააგაში  განყოფილების უფროსად/მთავარ მრჩევლად ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისარიატში და მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები.  2005-2007 წლებში იგი ყირგიზეთში ეუთოს ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეა. საბინე მახლი ასევე ოთხი წლის განმავლობაში  ხელმძღვანელობდა  ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის ცენტრალური აზიის განყოფილებას ქ. ვენაში.  2001 წელს საბინე მახლი  ეუთოს  მისიის ხელმძღვანელის მოადგილეა  ესტონეთში, ხოლო  2000 წელს – ავსტრიის ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში, იგი  ავსტრიის მუდმივი მისიის პირველი მდივნია.

საბინე მახლი ასევე მოღვაწეობდა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ განყოფილებაში  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების ხელმძღვანელად, აგრეთვე ევროპარლამენტში და ვენაში მდებარე სამ სხვადასხვა სასამართლოში.  ასევე მუშაობდა როგორც პედაგოგი კროიდონში/ლონდონში.

საბინე მახლი ფლობს  მაგისტრის ხარისხს სამართალსა და უცხო ენებში და  ასევე აქვს დოქტორის ხარისხი ვენის უნივერსიტეტიდან  სამართლის სპეციალობით. მისი სადოქტორო კვლევის ძირითადი ნაწილი გრონინგენში (ჰოლანდია)  განხორციელდა. გათხოვილია, ჰყავს 2 ვაჟი.