თბილისში გაიმართა კონფერენცია იძულებითი გადაადგილების საკითხებზეუკან

2019 წლის 5 ივლისს  თბილისში გაიმართა  კონფერენცია  იძულებითი გადაადგილების საკითხებზე. კონფერენცია მიეძღვნა იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავს.  

კონფერენციაზე  იმსჯელეს საქართველოში არსებული შიდა გადაადგილების და მასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის,  სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ.

კონფერენციაზე  ყურადღება დაეთმო საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  რეგიონების ჩათვლით.

ღონისძიება გახსნა გრიგოლ გიორგაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

,,მოუთმენლად ველით ყველა საკვანძო სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც  იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას,   განათლების ხელშეწყობასა და თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობების მიცემას  ითვალისწინებს, რაც საჭიროა მათი გრძელვადიანი  განსახლებისთვის“, - განაცხადა  გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა.

იოკო აკასაკამ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში თავის მხრივ დასძინა, რომ „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დევნილთა დახმარების კუთხით.  მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი გამოწვევები გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღწევის კუთხით. თითოეულმა ჩვენგანმა, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა და დევნილებმა, ერთად უნდა ვიმუშაოთ იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად ალტერნატიული გზების მოსაძიებლად და გრძელვადიანი განსახლების მისაღწევად“.

კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს  საერთაშორისო გამოცდილება და  მიდგომები დევნილებისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მისაღწევად.

სესილია ხიმენეს-დამარიმ, დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, მონაწილეებს გააცნო 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ადგენს იძულებით გაადგილებულ პირთა დაცვის საერთაშორისო   სტანდარტებს. გეგმა ითვალისწინებს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას: იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ეროვნული ნორმატიული და ინსტიტუციური ჩარჩოების შემუშავება, განვითარება და განხორციელება; მონაცემთა ხარისხის და შიდა გადაადგილების ანალიზის გაზრდა;  და გაჭიანურებულ იძულებით გადაადგილებაზე რეაგირება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  მიერ,  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მარიკა მათიაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, +995 599181474, mmatiashvili@yahoo.com
  • ქეთი გიოშვილი, გაეროს წარმომადგენლობა, +995 599532268 ghioshvili@un.org
  • ნინო ქაჯაია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, +995 595115464 kajaia@unhcr.org