საქართველომ მიიღო მთის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიაუკან

ამბიციური სტრატეგია ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და მთის 300,000 მაცხოვრებლის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება

საქართველოს მთა ეროვნული საგანძურია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ტურისტსა და სტუმარს იზიდავს. თუმცა მაღალ მთაში განლაგებული 1,731 დასახლების მაცხოვრებლებისთვის ეს სურათი გაცილებით ნაკლებად მიმზიდველია. უმუშევრობა, ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის ნაკლებობა იმ პრობლემების ჩამონათვალშია, რომლებიც მთიდან ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის გადინებას განაპირობებს. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ მთის განვითარების ამბიციური სტრატეგია მიიღო.       

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია (2019-2013) ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური კეთილდღეობის გაზრდას და მთის 300,000 მაცხოვრებლის მიერ სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის დოკუმენტი შეიმუშავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებითა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

2019 წლის 16 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში. „სტრატეგიაში ასახული ხედვის მისაღწევად აუცილებელია მაღალმთიანი ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარება და დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა მასშტაბური პროექტების მეშვეობით“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.  

სტრატეგიის მთავარი მიმართულებები განისაზღვრა 2017 წელს განხორციელებული შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით ჩატარდა. შეფასებაში აისახა როგორც მაღალმთიანი დასახლებების საჭიროებები, ასევე მათი განვითარებისთვის არსებული რესურსები. მაღალმთიანი დასახელებების სტრატეგიის პროექტი 2018 წელს მომზადდა, რის შემდეგაც გაიმართა კონსულტაციები მაღალი მთის მოსახლეობასთან, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

სტრატეგიაში დასახული მიზნების შესრულებისთვის საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ბიუჯეტი 700 მილიონ ლარს შეადგენს.

„ყოველი მეათე ქართველი მაღალ მთაში ცხოვრობს და სწორედ ეს ადამიანები ინარჩუნებენ საქართველოსთვის ძვირფას ტრადიციებს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „მთავრობის ახალი სტრატეგია იძლევა ამ შორეული დასახლებების შენარჩუნების იმედს, რაც პირდაპირ ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნების მთავარ დაპირებას იმის შესახებ, რომ განვითარების მიღმა არავინ დარჩება“.   

შვეიცარიისა  და ავსტრიის ელჩებმა საქართველოში ხაზი გაუსვეს ევროპულ გამოცდილებას მთის განვითარების საქმეში.

„შვეიცარია იმის მაგალითია, რომ მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ისეთი გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული განვითარების მიღწევა, რომელიც ამავდროულად იცავს და პატივს სცემს გარემოს“, - განაცხადა შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა. „მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია ეს გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ და მთის უდიდესი შესაძლებლობების გამოყენებაში დავეხმაროთ“.

„ავსტრიამ საკუთარ მაგალითზე აჩვენა, რომ მთის ტრადიციებისა და ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების გვერდიგვერდ არსებობა სავსებით შესაძლებელია“, - აღნიშნა არად ბენკომ, ავსტრიის ელჩმა საქართველოში. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც შეძლებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის ასეთივე დადებითი შედეგების მიღწევას“.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია ეყრდნობა 2015 წელს მიღებულ კანონს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომლის ამოქმედების შემდეგ 1,731 დასახლებას მაღალმთიანი სტატუსი მიენიჭა, 400-ზე მეტმა საწარმომ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლა, ხოლო 250,000-მდე ადამიანმა ფულადი და სხვა სახის დახმარება მიიღო. ოთხწლიანი სტრატეგია ითვალისწინებს მოსარგებლეთა რაოდენობის გაზრდას 300,000 ადამიანამდე და სხვადასხვა სახის წამახალისებელი ზომების გატარებას, რის შედეგადაც მაღალ მთაში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და გააქტიურდეს ეკონომიკური საქმიანობა.

შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მიმართ თანადგომა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საქმეში.   

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • ნინო გეგეშიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, +995 599 184747, ngegeshidze@mdf.org.ge

ქეთი დოლიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,   +995 577 467117, dolidzekatie@gmail.com