საქართველოში გაეროს კვირეული პრეზიდენტის ვიზიტით გაიხსნაუკან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეროს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარების საქმეში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

მხარეებმა განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზები  და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში იმ მრავალფეროვანი პროგრამებისათვის, რომლებიც ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდებოდა ბოლო 26 წლის მანძილზე  და ხელს უწყობდა როგორც რეგიონალური განვითარების, ასევე უნივერსალური ჯანდაცვის, თანაბარი შესაძლებლობებისა და სამართლიანობის მიმართულებების დამკვიდრებას.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა პრეზიდენტს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან გაეროს სააგენტოების თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.