ავშვთა უფლებათა კოდექსი - მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვისუკან

საქართველოს პარლამენტმა  ბავშვთა უფლებათა  კოდექსი მიიღო. ეს  ყოვლისმომცველი  სამართლებრივი დოკუმენტია, რომელსაც საქართველოში ბავშვების ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია. კოდექსის მიღება ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მიერ მიცემული ერთ-ერთი დაპირება იყო.

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ კოდექსის შესახებ თქვა: „ეს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტია, რომელიც  ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საჭირო კონკრეტულ, ეფექტურ მექანიზმებს მოიცავს“.  დეპუტატი კილაძე ამ კოდექსის შემუშავების სამწლიან პროცესს ხელმძღვანელობდა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

ბავშვის უფლებათა კოდექსი შემდეგ ძირითად პრინციპს ეყრდნობა: ყველა სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურა უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

კოდექსში ტერმინი „საუკეთესო ინტერესები“ განსაზღვრულია, როგორც „ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით”.  

ეს კოდექსი წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა, მუნიციპალიტეტის ორგანოებმა, სხვა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, საერთო სასამართლოებმა, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტებმა და ფიზიკურმა პირებმა ბავშვებთან და ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების დროს.  პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ კოდექსი ისეთ იურიდიულ გარანტიებს იძლევა, რომლებიც უადვილებენ ბავშვებს  დამოუკიდებლად დაიცვან თავიანთი უფლებები მართლმსაჯულების ბავშვზე მორგებული ინსტიტუტებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ტექნიკური დახმარება გაუწია ქვეყანას კოდექსის შემუშავებასა და ახალგაზრდებთან კონსულტაციების ორგანიზებაში. ევროკავშირის პოზიციასთან კოდექსის ძირითად ასპექტების შესაბამისობამ კოდექსზე მუშაობის ბოლო ეტაპი დააჩქარა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა უზრუნველყო.

Sopio Kiladze and Aaron Greenberg
UNICEF/GEO-2019/Jibuti
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და გაეროს ბავშთა ფონდის აზიისა და ცენტრალური ევროპის რეგიონალური ოფისის მრჩეველი ბავშვთა დაცვის საკითხებში, აარონ გრინბერგი კოდექსის პროექტის არასამთავრობო სექტორთან განხილვისას

„ვულოცავ ბავშვებს ამ ისტორიულ მოვლენას”, - თქვა  დოქტორმა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „კოდექსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც  ყველა ბავშვის ყველა უფლებას უზრუნველყოფს. მასში ჩამოყალიბებულია ის მთავარი პრინციპები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში  ბავშვების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ორიენტირები იქნებიან და მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანენ მათ ცხოვრებაში, ”- დასძინა მან.

"კოდექსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც  ყველა ბავშვის ყველა უფლებას უზრუნველყოფს."

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი

იუნისეფის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი, აფშან ხანი, პოზიტიურ სიახლეს მიესალმა: „კოდექსის მიღება და საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი განხორციელების ვალდებულება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყანაში მცხოვრები ბავშვებისთვის”, - თქვა მან. „ამ მოვლენას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ის გარემოება, რომ კოდექსის მიღებულ იქნა როდესაც საქართველო ბავშვთა უფლებების კონვენციის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს,“.

 

კოდექსი ძირეულად შეცვლის საქართველოს კანონმდებლობის დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ისეთი ახალი მექანიზმების დანერგვის შედეგად, როგორიცაა ბავშვის უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, ბავშვთა უფლებების სახელმწიფო პოლიტიკაზე მუშაობის პროცესი უფრო სისტემატიზებულ და კოორდინირებულ ხასიათს მიიღებს. ისინი აგრეთვე ხელს შეუწყობენ კანონმდებლობის, ბიუჯეტის შედგენისა და საპარლამენტო მონიტორინგის გაუმჯობესებას.

 

კოდექსი ასევე ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების დაცვის სპეციფიკური მექანიზმების შექმნას. მაგალითად, ის  საფუძველს უყრის ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულების სისტემი შექმნას და ქმნის სახელმწიფო სისტემას, რომელიც ყველა ბავშვის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კოდექსი ნერგავს ოჯახის დახმარების პროგრამებს და მთლიანად კრძალავს ფიზიკურ დასჯას ყველა ტიპის გარემოში. კოდექსის მიღების შედეგად საქართველო გახდა მსოფლიოში 58-ე ქვეყანა, სადაც ფიზიკური დასჯა სრულად არის აკრძალული  

კოდექსის შემუშავებაში ძალიან ბევრი მხარე მონაწილეობდა:  ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, ახალგაზრდები და ბავშვები მოწვეულნი იყვნენ კოდექსის შესახებ კომენტარების გასაკეთებლად და რჩევების მისაცემად.

ამ პროცესში ჩართული ქართველი სტუდენტი მარიამ სამსონიძე ამბობს, რომ ბედნიერია, რადგანაც ქვეყანას ახლა აქვს კოდექსი, „რომელიც ბავშვთა დაცვისთვის აუცილებელ ყველა საკვანძო კომპონენტს აერთიანებს“. „ახლა მნიშვნელოვანია მისი სრული აღსრულება უზრუნველვყოთ“ - დასძენს მარიამი.

2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა კოდექსი 85 ხმით ერთის  წინააღმდეგ  მიიღო. ის ძალაში 2020 წლის 1 ივნისს შევა.