საქართველომ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინაუკან

საქართველომ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა

2016 წლის 19 ივლისს, ქ-ნიუ-იორკში, მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა. დილის სესიის ფარგლებში, საქართველოსთან ერთად, პრეზენტაციები გააკეთეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა, მადაგასკარის ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრმა, ერილანტო რაველოერისონმა და გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჰალიკ ჩევიკმა. 


პრეზენტაციის ფარგლებში აღინიშნა, რომ ამ დროისათვის, საქართველომ მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებიდან (Sustainable Development Goals), ეროვნულ დონეზე პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრა  და მათი ეროვნულ გეგმებში ინტეგრაცია მოახდინა. თავის გამოსვლაში მინისტის პირველმა მოადგილემ ისაუბრა, აგრეთვე, მდგრადი განვითარების მიზნების „ნაციონალიზაციის“ პროცესში არსებული გამოწვევებისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ. დასასრულს, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა უპასუხა წევრი ქვეყნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთია გაეროს იმ 22 ქვეყნიდან, რომლებმაც მსოფლიო ლიდერების მიერ 2015 წლის სექტემბრის გაეროს სამიტზე მიღებული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (Agenda 2030 for Sustainable Development) ეროვნული დონეზე რეალიზაციის მიმართულებით, პირველი ნებაყოფლობითი ანგარიში წარადგინა. საქართველოსთან ერთად, HLPF-ის ფარგლებში ეროვნული პრეზენტაციები გააკეთეს, ასევე, გერმანიამ, ეგვიპტემ, ესტონეთმა, ვენესუელამ, თურქეთმა, კოლუმბიამ, კორეის რესპუბლიკამ, მადაგასკარმა, მექსიკამ, მონტენეგრომ, მაროკომ, ნორვეგიამ, უგანდამ, ფილიპინებმა, ფინეთმა, საფრანგეთმა,  სამოამ, სიერა-ლეონემ, შვეიცარიამ, ტოგომ და ჩინეთმა.