მდგრადი განვითარების ფესტივალი 2019უკან

მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი ამბროლაურში გაიმართება

2019 წლის 7 ივნისს ამბროლაური მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „მდგრადი განვითარება ყველასთვის“, ხოლო მისი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში.

ფესტივალის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი - საბინე მახლი.

ფესტივალს დაესწრებიან გაეროს ოფიციალური პირები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მდგრადი განვითარების 17 მიზანი სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრას და პლანეტის გადარჩენას ემსახურება. მსოფლიოს განვითარების ეს გლობალური კონცეფცია  გაეროს ყველა წევრმა ქვეყნამ, მათ შორის საქართველომ,  2015 წლის სექტემბერში მიიღო და 2030 წლამდე ჩვიდმეტივე მიზნის მიღწევის შესახებ შეთანხმდა.

მდგრადი განვითარების ფესტივალის პროგრამა სწორედ ამ მთავარ საპროგრამო თემებს ეხმიანება - ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა, პარტნიორობა.

ფესტივალის მსვლელობაში ამბროლაური მდგრადი განვითარების ქალაქად გადაიქცევა. ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდება. საფესტივალო დღეს დაასრულებს ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტი ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების მონაწილეობით.

ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან გაეროს სააგენტოები და მათი დონორები, საქართველოს მთავრობა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის, ავსტრიისა და შვედეთის მთავრობები და მრავალი სხვა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ქეთევან გიოშვილი, გაერო საქართველოში, +995 599 532268, ghioshvili@un.org
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org 
  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org   

 

სოციალური მედია:

@UNGeorgia / @UNDPGeorgia / #SDGFestival / #SDGFestival2019 / #LeaveNoOneBehind