გაეროს კვირეული 2019უკან

გაეროს კვირეული 17 ოქტომბერს - სიღარიბესთან ბრძოლის მსოფლიო დღეს ­- საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტით გაიხსნა გაეროს წარმომადგენლობაში. შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარების საქმეში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა. მხარეებმა განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზები  და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

წლევანდელი გაეროს კვირეულის თემაა ’გლობალური მიზნების თაობა’ და მიზნად ისახავს   ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში, მათ შორის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.  

გაეროს კვირეული  საქართველოს სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გარდა, წელს პირველად უშგულშიც აღინიშნება. 19 ოქტომბერს უშგულში ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც ორი ფოტოპროექტი: „გოგონები მომავლიდან“ და „თანატოლები თანასწორობისთვის“ იქნება წარმოდგენილი. ასევე, უშგულის ბიბლიოთეკაში მოეწყობა „თანასწორობის კუთხე“.

გაეროს კვირეული ფარგლებში დაგეგმილია   საჯარო ლექციები, გარემოსდაცვითი ღონისძიებები ქუთაისსა და თბილისში, აგრეთვე  შეხვედრები ახალგაზრდებთან. კვირეული დასრულდება  25 ოქტომბერს, 12:00 საათზე ხეების დარგვის აქციით (ვარკეთილი-3, მე-3 მიკრორაიონი (მშენებარე სტადიონთან).