27-28 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში, როზმარი დიკარლოუკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკის საკითხებში, როზმარი დიკარლოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

მათივე ცნობით, აღინიშნა ორგანიზაციის განსაკუთრებული როლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ყოველდღიური გამოწვევების ფონზე.

ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე, ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვაზე, მავთულხლართების მშენებლობის ეპიზოდებსა და მოქალაქეების დაკავებაზე.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ მექანიზმებს პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ვითარების დეესკალაციისთვის.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკისადმი, რომელიც მიმართულია ახალი სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული ურთიერთმომგებიანი პროექტების განხორციელებისკენ.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში, როზმარი დიკარლო ასევე შეხვდა საქართველოს ​საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა როზმარი დიკარლოს მჭიდრო თანამშრომლობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაერო-ს აქტიური ჩართულობისთვის.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული მდგომარეობა განიხილეს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მიმდინარე განვითარებებზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში გაერო-ს მნიშვნელოვან როლს.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტულ საკითხზე.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს 27-28 ოქტომბრის პერიოდში სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან  და პარლამენტის თავმჯდომარესთან.