გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიაუკან

 

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემა  და, სამწუხაროდ,  ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა მსოფლიოში. მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს ერთხელ მაინც განუცდია სხვადასხვა ფორმის ძალადობა.

გენდერული ძალადობის პრევენციისთვის  საკმაოდ დიდი რესურსებისა და დროის დათმობის მიუხედავად, ქალები და გოგონები კვლავაც განიცდიან ძალადობის სხვადასხვა ფორმას დისკრიმინაციული სოციალური ნორმებისა და ტრადიციების გამო, იქნება ეს  ოჯახური  ძალადობა თუ სექსუალური შევიწროება, ტრეფიკინგი თუ ადრეული ქორწინება და ფემიციდი.  გარდა ამისა, ძალადობის   მსხვერპლთა მიმართ ხშირია  სტიგმა და დისკრიმინაცია. მათ  ხშირად  ადანაშაულებენ ძალადობის პროვოცირებაში.

თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რომელიც საქართველოს ეხება, აშკარაა, რომ საჭიროა ძალების კონსოლიდაცია ამ პრობლემის სასწრაფოდ გადასაჭრელად. ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 2018 წლის ეროვნული კვლევის მიხედვით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს,   საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც დასაშვებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ  ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ მას არ ეთანხმება.ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, ხოლო 5-დან 1-მა   სექსუალური შევიწროება განიცადა. საქართველოს ასევე აქვს ბავშვთა ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებს შორის.

ეს ოფიციალური ციფრები არ ასახავს რეალური სურათს, რადგან ბევრი ქალი არ საუბრობს ამ საკითხზე და არჩევს დუმილს.  საზოგადოებაში გამჯდარი დოგმები და კლიშეები  ქალთა როლის შესახებ კერძო თუ  საზოგადოებრივ სფეროებში კვლავ ძლიერია და, შესაბამისად, გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ რჩება დუმილის კულტურად. ბევრი ფიქრობს, რაც არ უნდა მოხდეს, ქალმა არ უნდა ილაპარაკოს, რათა დაიცვას თავისი ოჯახის სახელი და ღირსება.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა  გულისხმობს ძირითადი მიზეზების მოგვარებას. ქალთა მიმართ ძალადობა ნაწილობრივ არის ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობის შედეგი -- ეს არის ძალაუფლების, რესურსების და შესაძლებლობების არათანაბარი განაწილება.

ჩვენ ქალთა ეკონომიკურ დაუცველობას  განვიხილავთ როგორც გენდერული ძალადობის   მთავარ გამოწვევად. მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ არსებობს პოტენციური კავშირი  კონფლიქტს, ეკონომიკურ სტრესსა და გენდერული ძალადობის რისკებს შორის. ამ გამოწვევის  მოსაგვარებლად საჭიროა ყოვლისმომცვლელი მიდგომა,  მათ შორის ყურადღების გამახვილება ქალებისა და კაცებისათვის თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების შექმნასა  და ქალთა ეკონომიკურ  დამოუკიდებლობაზე. 

ასევე საჭიროა ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც არა მარტო  უზრუნველყოფს კანონების მიღებას ქალებისა და გოგონების ძალადობისგან დასაცავად, არამედ  მათ განხორციელებას. ასევე აუცილებელია, რომ  ყველა დაზარალებულს ხელი მიუწვდებოდეს   მომსახურებაზე, მათ შორის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე და იურიდიულ კონსულტაციაზე.   გარდა ამისა,  მნიშვნელოვანია ისეთი  რთული და ყოვლისმომცველი საკითხების მოგვარება, როგორიცაა განათლება, ეკონომიკური განვითარება, მმართველობა და ინსტიტუციური შეთანხმებები, რომლებიც პირველ რიგში ხელს შეუწყობენ  ძალადობის აღმოფხვრას.   

ყველაზე მთავარი კი ძალადობის პრევენციაა და ეს საჭიროა ადრეული ასაკიდან იქნეს დაწყებული. ჩვენ შეგვიძლია  ახალგაზრდებში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის კულტურის შემუშავება ცნობიერების  ამაღლების გზით.

წელს  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი  კამპანია, რომელიც იწყება 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, და გრძელდება 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის  დღემდე, საქართველოში მიმდინარეობს დევიზით ,,ყველა ქალს აქვს სათქმელი“  და მიზნად ისახავს დავარღვიოთ დუმილი და შევაჩეროთ სტიგმა.

მოდით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი  კამპანია გამოვიყენოთ იმ დამოკიდებულებების აღმოსაფხვრელად, რომელიც ადანაშაულებს მსხვერპლ  ქალს.

მოდით გვერდით დავუდგეთ მათ, ვინც თავის თავზე გამოსცადა ძალადობა  და დავეხმაროთ მათ დაარღვიონ დუმილი და სტიგმა, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ სატკივარზე.  

მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძალადობა, რაც განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და რაც ზუსტად პასუხობს 2030 წ. დღის წესრიგის საყოველთაო პრინციპს - „არავინ დარჩეს უყურადღებოდ“.

 

საბინე მახლი,  საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი.

წყარო:  Forbes Woman Georgia