დონორთა ყოველწლიური ფორუმიუკან

2020 წლის 29 იანვარს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორის გაიმართა სტრატეგიული დიალოგი  სახელმწიფო პრიორიტეტების, მიმდინარე რეფორმებისა და ახალი ინიციატივების შესახებ.  

ღონისძიება გახსნა საქართველოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. ღონისძიებას თანათავმჯდომარეობდა გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი. 

გიორგი გახარიამ მადლიერება გამოხატა იმ ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომლებმაც საქართველოში რეფორმების ხელშესაწყოფად 7 მილიარდი დოლარი გამოყვეს. 

„ჩვენთვის უდიდესი პატივია, დღეს ჩავატაროთ ეს ფორუმი და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა სამუშაო რეჟიმში პარტნიორებთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ,,ჩვენ დარწმუნებული ვართ, დღესაც, სამუშაო ჯგუფებში ჩვენ შევძლებთ, ჩვენს კოლეგებს დავუდასტუროთ ის პროგრესი და ვისაუბროთ იმ აუცილებელ გეგმებზე, რომლებიც გაგვაჩნია და რომლებსაც ჩვენ ვხედავთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მრავალი რეფორმა გატარდა და ეს პროცესი გრძელდება. ,,საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას - უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა,“  - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დონორების სახელით ფორუმს მიმართა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა დონორი კვლავ აქტიურად აგრძელებს საქართველოს თანადგომას განვითარების პრიორიტეტებს მისაღწევად. ‘ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს მდგრადი, ინკლუზიური და ‘მწვანე’ ეკონომიკის ჩამოყალიბებაში. მოცემულ მიზანს თან უნდა სდევდეს  სიღარიბის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა და სამართლებრივი რეფორმები. ამასთან ერთად, ჩვენ გვჯერა რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ადამიანური რესურსის ზრდა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დაბრკოლებების დაძლევა. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა დონეზე - სამართლებლივი სფეროდან დაწყებული, ნაციონალური სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით დასრულებული,“ განაცხადა საბინე მახლმა.

ფორუმზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინკლუზიური გზით სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა, მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის ჩამოყალიბება, სამოქალაქო სამსახურში მიმდინარე რეფორმები,  გენდერული უთანასწორობა, რეგიონალური განვითარება, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვა.  ასევე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, მთავარ ეკონომიკურ რეფორმებზე, ადამიანურ კაპიტალზე, კონფლიქტის გადაჭრასა და თავიდან აცილებაზე საუბარს. 

ფორუმის მეორე ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი უძღვებოდნენ. დისკუსიისას, რომელშიც  მინისტრის მოადგილეები, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საგარეო დახმარების საკოორდინაციო მექანიზმების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, დაიგეგმა თემატური საკოორდინაციო შეხვედრების ციკლი და განისაზღვრა კონკრეტული ვადები.

ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.