ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლა და განვითარება
1998 წელს დაწყებული ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობისა და დედათა სიკვდილიანობის კლების პროცესი შეფერხდა, რისი ძირითადი მიზეზია დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სამსახურების დაბალი ხარისხი, არასათანადო ცოდნა ბავშვის მოვლის საკითხებთან დაკავშირებით და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეზღუდული ხელმისაწვდომობა. პროგრამა ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მშობლებისა და სხვა მზრუნველების ცოდნის დონის ამაღლება დედათა და ბავშვთა მოვლის საკითხებში.
პროგრამა ორ პროექტს მოიცავს:
§ დედათა და ბავშვთა ჯანდაცვა
§ ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარება
დედათა და ბავშვთა ჯანდაცვა - პროექტში ყურადღება მახვილდება ანტე, პერი- და პოსტ-ნატალური მზრუნველობის სფეროში ეროვნული კანონმდებლობის, ძირითადი პოლიტიკისა და შესაბამისი სტანდარტების შემუშავებასა და განხორციელებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს დედათა და ბავშვთა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.
იმუნიზაცია კვლავ რჩება სამოქმედო პროგრამის განუყოფელ ნაწილად და მიმართული იქნება უსაფრთხო და ქმედითი ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის განვითარებისაკენ.
ნუტრიციოლოგიის კომპონენტი მიზნად ისახავს საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციისათვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მარილის საყოველთაო იოდირების უზრუნველყოფასა და მის შემდგომ მონიტორინგს.
ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარება - პროექტში ყურადღება გამახვილდება ხუთ შერჩეულ რეგიონში მშობელთა და სხვა მზრუნველთათვის ბავშვთა მოვლასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხების ინტეგრირებას ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში.
ბავშვთა დაცვა
ქვეყანაში არ არსებობს სოციალური დახმარების ეფექტური მექანიზმები და არასრულწლოვანთა დანაშაულის ადმინისტრირების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემა.
ჯერჯერობით ფართოდ არ არის დანერგილი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების იმგვარი ალტერნატიული მეთოდები, რომლებიც საზოგადოებისა და თემის აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს.
ბევრი ბავშვი მოკლებულია საკუთარ ოჯახსა და ბავშვისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უმრავლესობას კი არა აქვს შესაბამისი სამედიცინო დახმარებისა და განათლების მიღების საშუალება. ხოლო მათ, ვისაც შეუძლია კონკრეტული ცვლილებების განხორციელება, არა აქვს შესაბამისი პროფესული გამოცდილება.
პროგრამა ორ პროექტს მოიცავს:
- ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა
- სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.
ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა - პროექტი მიზნად ისახავს ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე ბავშვთა დაცვის შესაბამისი პოლიტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავებას. პროექტი ხელს შეუწყობს დე-ინსტიტუციონალიზაციის ხუთწლიანი სამოქმედო პროგრამის განხორციელებას, ბავშვთა ინსტიტუციებში შედინების პრევენციისათვის საჭირო სისტემის ჩამოყალიბებასა და მზრუნველობის ალტერნატიული ფორმების დანერგვას. პილოტური პროექტების შედეგად მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება შესაბამისი პოლიტიკური ბაზის შესაქმნელად. პროექტის ფარგლებში მთავრობას გაეწევა ტექნიკური დახმარება შესაბამისი სოციალური სამსახურების ამუშავებისათვის საჭირო პროფესიული სტანდარტების შექმნაში. რესურსები, რომლებიც იხარჯება ბავშვთა სახლებზე, მიმართული იქნება საზოგადოებრივი სამსახურების დაფინანსებაზე. ბავშვთა კეთილდღეობის სისტემა კი, თავის მხრივ, მჭიდროდ იქნება დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამასთან, რომელიც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება - პროექტი მიზნად ისახავს სოციალური დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნას, რომლებიც მიმართული იქნება განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების დაცვასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. ეს ბავშვები კი არიან კანონთან პრობლემების მქონე, შეზღუდული შესაძლებლობების, აივ”შიდსით დაავადებული და კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ბავშვები. პროექტი მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა დანაშაულის ადმინისტრირების რეფორმას შესაბამისი საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებების გატარების გზით. კერძოდ, რეფორმის მიზანია შემცირდეს არასრულწლოვანთა რაოდენობა წინასწარი დაკავების ცენტრებში, ხოლო პატიმრობაში მყოფ ბავშვთა მდგომარეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინკლუზიური განათლების პროექტის შედეგად მიღებული გამოცდილება გამოიყენება ხუთ შერჩეულ რეგიონში ადგილობრივი სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად. აღნიშნული გეგმები მიმართული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ჩართვისაკენ სკოლამდელ, ხოლო მოგვიანებით კი დაწყებით სასკოლო სისტემაში. შეიცვლება აივ”შიდსთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რათა გათვალისწინებულ იქნას აივ”შიდსით დაზარალებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებები, განსაკუთრებით კი, დისკრიმინაციისაგან მათი დაცვის უფლება. კონფლიქტის ზონებში კი პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებისათვის სასიცოცხლო უნარ-ჩვევების სწავლების დანერგვას.
ბავშვთა უფლებების პოპულარიზაცია და სოციალური მონიტორინგი
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მას-მედიის მიერ ბავშვთა უფლებების არასათანადო ცოდნა ხელს უშლის ბავშვის უფლებათა მონიტორინგის პროცესსა და ბავშვებისათვის ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მათ აქტიურ მონაწილეობას.
აუცილებელია ბავშვთა დაცვისაკენ მიმართული სტრატეგიული გეგმების შექმნა, რათა შესაძლებელი გახდეს განსაკუთრებით დაუცველ თუ ძნელად მისადგომ რაიონებში მცხოვრებ ბავშვთა დახმარება.
პროგრამა შედგება ორ პროექტისაგან:
- ბავშვის უფლებათა მონიტორინგი და კომუნიკაცია
- სოციალური დაგეგმვა და მონიტორინგი
ბავშვის უფლებათა მონიტორინგი და კომუნიკაცია - შერჩეულ ხუთ პრიორიტეტულ რეგიონში პროექტის განხორციელების შედეგად ამაღლდება სამოქალაქო და ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ორგანიზაციების კვალიფიკაცია ბავშვის უფლებათა მონიტორინგის სფეროში.
სოციალური დაგეგმვა და მონიტორინგი - პროექტის შედეგად ადგილობრივ ხელისუფლებას ექნება შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები განახორციელოს ქალთა და ბავშვთა სიტუაციის მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისად, შეიმუშაოს ადგილობრივი სტრატეგიული სამოქმედო პროგრამები.