მთავარი \ გაერო საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
|
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წარმოადგენს ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის I მუხლი ამ ორგანიზაციის მიზნებს შემდეგნაირად განსაზღვრავს: «მიღწეულ იქნეს ყველა ხალხის ჯანმრთელობის რაც შეიძლება მაღალი დონე“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციაში ჯანმრთელობა განისაზღვრება, როგორც სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების არარსებობა. საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებია:
- მზარდი სიკვდილიანობის, ავადობის და უნარშეზღუდულობის შემცირება, განსაკუთრებით კი ღარიბ და მარგინალურ მოსახლეობაში;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ადამიანის ჯანმრთელობისათვის იმ სახიფათო რისკ-ფაქტორების შემცირება, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა ფაქტორებთან;
- ისეთი ჯანდაცვის სისტემების განვითარება, რომლებიც გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეესაბამება ხალხის მოთხოვნებს და ფინანსურადაც სამართლიანი იქნება;
- ჯანმრთელობის სექტორისათვის ინსტიტუციონალური გარემოს შექმნა, აგრეთვე სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და განვითარების პოლიტიკისათვის ეფექტური ჯანდაცვის მიდგომების ჩამოყალიბება.
 საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა 1992 წლის 16 მაისს. 1993 წელს საქართველოში დაარსდა საკოორდინაციო ოფისი. 1995 წელს ოფისს სახელი შეეცვალა და მას დაერქვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ექვემდებარება ევროპის რეგიონულ ოფისს. ოფისი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყანასთან თანამშრომლობის გაძლიერების, ადმინისტრირების, კონსოლიდაციის და მართვის საქმეში. იგი ხელს უწყობს კავშირების დამყარებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და მთავრობას შორის, უზრუნველყოფს მთავრობის დროულ ინფორმირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკის შესახებ, და შეიმუშავებს სტრატეგიასა და საქმიანობის სამოქმედო გეგმას ჯანდაცვის სექტორის განვითარებისა და ჯანდაცვის ინტერსექტორულ საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიწოდებისას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი თავის საქმიანობას ქვეყანაში ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, გაეროს სააგენტოებთან და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი მიზანია:
- დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების საქმეში;
- საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს სათანადო ტექნიკური დახმარება;
- ხელი შეუწყოს საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის გაძლიერებას;
- ხელი შეუწყოს ჯანდაცვის სექტორში განათლების სტანდარტების დამკვიდრებასა და ტრენინგების ჩატარებას;
- გასწიოს მტკიცებულებებზე დამყარებული ექსპერტიზა და ჯანდაცვის სექტორს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი მიზნის მისაღწევად.
|
|
პრიორიტეტული სფეროები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წევრ-ქვეყნებთან თანამშრომლობს ეგრეთ წოდებული ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისსა და საქართველოს შორის 2010-2011 წლების ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება შემუშავდა ქვეყნის მთავრობის ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შორის წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, და 2009 წლის მაისში მოეწერა ხელი. თანამშრომლობის ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ სფეროებს:
- ჯანდაცვის სისტემის ძირითადი ფუნქციების (პირველადი ჯანდაცვა, საავადმყოფოთა მართვა, ჯანდაცვის ფინანსირების საკითხები, ფარმაცევტული სექტორი, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები, ადამიანური რესურსები) გაძლიერება;
- ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება;
- ინფექციურ დაავადებებზე კონტროლის გაძლიერება;
- არაინფექციურ დაავადებათა პრევენცია;
- დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
- გარემოს დაცვის უსაფრთხოების ხელშეწყობა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის პოტენციალის გაზრდაში. საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრებში, კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტები რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში და უწევენ ტექნიკურ დახმარებას ადგილობრივ სპეციალისტებს, რომლებიც იღვწიან ქვეყნის საჭიროებებისა და მოთხოვნების შესასრულებლად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყოველწლიურად მონაწილეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველობითი ორგანოების, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეისა და რეგიონული კომიტეტების მუშაობაში.
2010-2011 წ.წ. ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დახმარება საქართველოსთვის შეადგენს 1,400,000 აშშ დოლარს. გარდა ამისა, რეგიონალურმა და გლობალურმა ოფისებმა შესაძლებელია ქვეყანას აღმოუჩინონ დამატებითი, ტექნიკური თუ პროგრამული ხასიათის დახმარება, და, ასევე მხარდაჭერა რესურსების მობილიზაციასა და მონიტორინგში.
<< prev | next >> |
|